რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის ჰაიდი ტალიავინის შეფასებით, აგვისტოს ომს გამარჯვებული მხარე არ ჰყავს.
რუსეთ-საქართველოს ომზე ჰაიდი ტალიავინმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებმა ამჯერად შეერთებული შტატების კონგრესში იმსჯელეს.
"ამ კონფლიქტში გამარჯვებული მხარე არ არსებობს. ყველა დაზარალდა. რომ არ ვილაპარაკოთ მსხვერპლზე, კერძო საკუთრებისა და სამომავლო პერსპექტივების დაკარგვაზე, ამ კონფლიქტითYარ გადაჭრილა არცერთი საკითხი. კონფლიქტის ზონებში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კი ყველაზე დაბალ დონეზეა", - განაცხადა ტალიავინმა.
მისივე შეფასებით, აგვისტოს ომით "საერთაშორისო გაერთიანებაც წაგებულთა შორის აღმოჩნდა".
"სამხედრო ძალის გამოყენებით იგნორირებულ იქნა ისეთი საერთაშორისო პრინციპები, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, ჰუმანიტარული კანონისა და ადამიანის უფლებების დარღვევა", - განმარტა მან.