ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის მუშაობას ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტმა კომისიის თავმჯდომარის, კონსტანტინე გამსახურდიას მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.
კონსტანტინე გამსახურდიამ კომისიის მუშაობის გაგრძელების არუგმენტად პარალმენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში დაასახელა ის ფაქტი, რომ კომისიამ ვერ შეძლო უშიშროების საბჭოს იმ ოქმების გაცნობა, რომელიც უკავშირდება ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან საქართველოში დაბრუნებას და შემდეგ მის გადაადგილებებს დასავლეთ საქართველოში. არგუმენტად ასევე დასახელებულია ის, რომ კომისიამ ვერ მოახერხა მაშინდელი თანამდებობის პირების დაკითხვა.
პარლამენტმა კომისიის მუშაობის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა მიზანშეწონილად მიიჩნია და გადაწყდა, რომ კომისიას მუშაობის ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივდება.
აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს შესაძლებლობა აქვს კომისიას მუშაობა 6 თვითაც გაუხანგრძლივოს, თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ორი თვის შემდეგ პარლამენტი კიდევ იმსჯელებს ამ საკითხზე და საჭიროების შემთხვევაში კომისიას მუშაობის ვადას გაუხანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისია შეიქმნა 2009 წლის ოქტომბერში. კომისიას მუშაობის ვადა უკვე მეორედ გაუხანგრძლივდა.