ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად მესაკუთრის განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება მისი ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილმა ამომრჩეველმა ამა წლის 14 მაისის ჩათვლით კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით განცხადებით უნდა მიმართოს სათანდო ოლქს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და ასლი. ამ კატეგორიის ამომრჩეველი მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში ( თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შემთხვევაში). ამ დადგენილებით განსაზღვრული ამომრჩეველი ხმას აძლევს საქართველოს პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში. ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთათვის აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას თან ერთვოდეს დევნილის მოწმობაც.
ხარატიშვილის განცხადებით, მიღებული დადგენილების საფუძველზე ზემოთხსენებული ამომრჩევლებისათვის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 მაისამდე შესაბამისმა საოლქო კომისიებმა უნდა შექმნან დამატებითი უბანი, თუ ოლქის ტერიტორიაზე ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 200 ან 200 -ზე მეტია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 200, მათთვის დამატებითი უბანი არ შეიქმნება და შესაბამისი საოლქო კომისია ასეთ ამომრჩევლებს რომელიმე საარჩევნო უბანს მიამაგრებს. ამის შემდეგ კენჭისყრის შენობაში მათთვის გამოიყოფა ცალკე სარეგისტრაციო მაგიდა რეგისტრატორი, თუ ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა 20-ზე მეტია, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 20-ს, მათთვის ცალკე რეგისტრატორი არ გამოიყოფა და ხმის მიცემა შეეძლებათ ერთ-ერთ რეგისტრატორთან, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი სიის მიხედვით.
ხარატიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია იზრუნებს ამ კატეგორიის ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირებულობაზე და უზრუნველყოფს არჩევნებში მათ სრულფასოვან მონაწილეობას. იგეგმება განსაზღვრული წესების გაცნობა ამ ამომრჩევლებისათვის. კერძოდ: კომისია მათ მონაცემებს გამოაქვეყნებს ცესკოს ვებ გვერდზე: www.cec.gov.ge, ასევე მონაცემები გამოქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (გაზეთი ,,24 საათი)