დღეს, "ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარი კანდიდატი სოფიო ხორგუანი ასათიანის და აბო თბილელის ქუჩების მოსახლეობის შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ხორგუანი მოსახლეობას დაპირდა, რომ მათ საკითხს არც არჩევნებამდე და არც შემდეგ უყურადღებოდ არ დატოვებს. ხორგუანმა აღნიშნულ საკითხზე განმარტებები დღეს ძველი თბილისის რაიონის გამგეობასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ხორგუანის განცხადებით, ძველი თბილისში სახლები ავარიულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.
"შესაძლებელია მალე აღსადგენი და გასაცოცხლებელი აღარაფერი დარჩეს, ძველი თბილისი ჩვენს თვალწინ ინგრევა. ასათიანის ქ.# 22-ში ორსართულიან, ე.წ. "იტალიურ ეზოში" ათი ოჯახი ცხოვრობს. მესამე კატეგორიის ავარიული სახლი მთლიანად ამორტიზებულია, მწყობრიდან არის გამოსული კომუნიკაციები, სანტექნიკა. ეზოში ასფალტი აყრილია. სახლში და გარეთ ერთნაირად წვიმს. მერიას და გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის 17 ნომერში მდებარე 170 წლის ისტორიულ შენობაში. სახლს ფაქტიურად საძირკველი გამოცლილი აქვს. ყოველწუთს მოსალოდნელია სრული ნგრევა", - აღნიშნა ხორგუანმა.
მისი თქმით, აღნიშნული სახლების მცხოვრებლები ძველი თბილისის გამგეობაში თითქმის ყოველდღე დადიან და ამ პრობლემების გარდა, ჩამოყრილი კედლის ნარჩენების გატანასაც ითხოვენ, თუმცა პასუხს არავინ სცემთ.
"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს აბო თბილელის ქ.#9-ში მდებარე სახლს. ე.წ. "იტალიურ ეზოში," ხუთი ოჯახი სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ნინო ოზაშვილის სამზარეულო და სააბაზანო, სადაც იატაკი ჩავარდა. გადაიხარა მეზობლად მდებარე ბინაც, რომელიც ეზოში შესასვლელი თაღის თავზეა და სერიოზულ საფრთხეს ქმნის. საერთოდ სახლი ავარიულია, ჭერი ჩამონგრეულია და წყალი ჩამოდის 12-ოჯახიდან 7-ი სხვაგან გადავიდა.
ძველი თბილისის გამგეობაში 12 აპრილს შესულ წერილზე ქალბატონმა ნინომ ტრაფარეტული პასუხი მიიღო, რომ სამშენებლო სამუშაოები, გეგმის მიხედვით, ოდესღაც განხორციელდება", - განაცხადა ხორგუანმა.