"სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მორიგი ვიზიტი მოსკოვში 7 მაისს დაიწყება. რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელის სტუმრობა რამდენიმე დღე გაგრძელდება. ამ ვიზიტის დღის წესრიგის ცალკეული დეტალები მოგვიანებით, ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლის პირველ დღეს გახდება ცნობილი. თუმცა, ამჟამად უკვე გარკვეულია, რომ ოპოზიციონერი ქართველი პოლიტიკოსი მოლაპარაკებებს გამართავს ~ედინაია როსიას~ ხელმძღვანელებთან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, მოსკოვში კვლავ გაგრძელდება რუს პოლიტიკოსებთან წინა ვიზიტების დროს დაწყებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.
"იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შედეგად და შემდეგ, უკვე მაისის თვეში, მიიღება გადაწყვეტილებები ორ ქვეყანას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, ამასთან, ქართული პროდუქციის ნაწილი მაინც დაბრუნდება რუსეთის ბაზარზე. ვიმედოვნებ, რომ კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტაშიც წინ წავიწევთ. ამ რეგიონებში ქართველების მიმოსვლა დღესაც არის, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოსაგვარებლად და საქართველოს გასაერთიანებლად შემდგომი ნაბიჯების გადადგმას", _ აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.
მისი თქმით, კოდორის ხეობიდან დევნილ 2 000 და ახალგორის რაიონიდან დევნილ 20 000 ადამიანს სურს თავის საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება, მაგრამ ეს არ შედის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში.
"მთავრობას ურჩევნია, ეს ხალხი გზის პირას, საჩვენებელ ბანაკებში ცხოვრობდნენ, რათა რეგულარულად აჩვენონ ისინი უცხოელ სტუმრებს, მაგრამ თავად ამ ადამიანებს საკუთარ სახლებში უნდათ დაბრუნება, _ აცხადებს ნოღაიდელი.
რუსეთში გამგზავრების წინა დღეს, ზურაბ ნოღაიდელი, სხვა ოპოზიციური ძალების ლიდერებთან ერთად, გააპროტესტებს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ 6 მაისი, გიორგობის დღესასწაული, პოლიციის დღედ გამოცხადდეს.
"ამით ვანო მერაბიშვილმა გვითხრა, რომ ქართველების ქრისტიანობა, რელიგიური გრძნობები ფეხებზე ჰკიდია, მისთვის ყველაზე მთავარი ხელისუფლების შენარჩუნებაა და ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნის მისაღწევად," _ განაცხადა პრესკონფერენციაზე ზურაბ ნოღაიდელმა და იქევ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 6 მაისისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.