მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს
მენჯის მთავარანგელოზთა (შუშანიას სავანის)
წინამძღვარის არქიმანდრიტ მელქისედეკის
თხოვნა
ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, სანამ ჩემს თხოვნას გაგაცნობდეთ, რომელიც ძალიან მძიმეა ჩემთვის და ჩემი მონასტრისათვის, ორიოდე სიტყვა ვთქვა შუშანიას სავანის ისტორიის შესახებ. მთავარანგელოზთა ტაძარი (შუშანიას სავანე), რომელიც დაშორებულია სენაკს სამიოდე კილომეტრით, აღაშენა და წირვა-ლოცვას აღავლენდა მეოცე საუკუნის დასაწყისში ასკეტი ბერი, ალექსი შუშანია, რომელიც გახლდათ მწიგნობარი, გაჭირვებულთა შემწე და მფარველი. მას მრავალი წიგნი აქვს გამოცემული, წიგნების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, რომელიც მე შევკრიბე და გამოვეცი, თითო წიგნი სამასი-ოთხასი გვერდიანია. შუშანიას სავანეში მრავლად მოიპოვება უძვირფასესი ხელნაწერები, რომელსაც მრავალი მუზეუმიც ინატრებდა. ბერი ალექსი ბევრ გამოჩენილ ადამიანს იცნობდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მათთან. ჩამოვთვლი მცირედს: ნიკო დადიანი, კორნელი კეკელიძე, დუტუ მეგრელი, იონა მეუნარგია, თედო სახოკია, შალვა დადიანი, რომელმაც ალექსი ბერი მოიხსენია თავის პიესაში („ნაპერწკალიდან") გამოცემულია 1932 წ. ძალიან ახლოს იცნობდა ისტორიკოს თედო ჟორდანიას. როცა ეგზარქოსი ალექსი დიდი ამალით მიდიოდა თეკლათის დედათა მონასტერში, ალექსი ბერი დიდი ხის ჯვარით გადაუდგა გზაზე, ეგზარქოსი იძულებული გახდა, შეჩერებულიყო, ალექსიმ მას მიართვა საპროტესტო წერილი, რომელშიც გამოთქმული იყო შეშფოთება სამეგრელოს სკოლებიდან ქართული წერა-კითხვის აკრძალვისა და ქართულის მაგივრად რუსულად სწავლების შემოღების გამო. ეგზარქოსი და მისი ამალა არ მოელოდა მწირი ბერის წინააღმდეგობას, როცა დიდჩინოსანი და თანამდებობის პირები დუმდნენ, ამიტომ უსაყვედურა ალექსიმ თედო ჟორდანიას, განათლებული ადამიანები რატომ დუმდნენ, როცა ეგზარქოსები ვასტორგოვის ხელით ცდილობდნენ სამეგრელოს ჩამოშორებას დედა სამშობლოდან. თუმცა ალექსი ბერი იყო ასკეტი და განმარტოვებული მონაზვნურ ცხოვრებას ატარებდა, იგი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო, რომელთანაც თურმე საქართველოს მრავალი კუთხიდან მოდიოდნენ მორწმუნენი, ათეისტურად განწყობილნიც, მისი მოღვაწეობით დაინტერესებული პირები. ამ უბრალო ბერის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნოებრივ, საზოგადოებრივ საკითხებზე, ზოგიერთი საუბარი ალექსი ბერს მოყვანილი აქვს თავის ნაწარმოებში (დავა ვინმე ჭაბუკთან, დავა ლევ ტოლსტოის მოწაფე ალექსანდრე მესხიასთან, მიმოწერა ექიმ ივანე გომართელთან). ალექსი ბერმა, თავის სიცოცხლეშივე, თვრამეტი დასახელების წიგნი გამოსცა. ალექსი ღარიბ სტუდენტებსაც უწევდა დახმარებას. სამადლობელში მოხსენიებულია პავლე აკობია და ალექსანდრე მესხია, თბილისი 1905 წელი, ალექსის ლექსიც კი უძღვნა გამოჩენილმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა („ძველი ტფილისი").
ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, მისი ბიოგრაფიიდან მცირედი მოვყვე მრავალი მოყვასის მიმართ მისი გულისხმიერებისა და სიყვარულის შესახებ. ქალაქ ლანჩუთში მივიდა ალექსი, სადაც მოუთხრეს მანდ მცხოვრებმა მონაზვნებმა ერთი ჭლექიანი ქალის მდგომარეობაზე, რომელიც ვიწრო ქოხში დაწოლილი აგდია უძრავად, თავის უპატურში მატლდასეული და ითხოვს მღვდელს და ზიარებას, მაგრამ მღვდელი არ ეკარება სიბინძურის გამო. ამის გამგონე ალექსიმ უსაყვედურა მონაზვნებს და რქვა მათ ასეთი გაჭირვებულის უგულვებელსყოფა ცოდვაა ქრისტეს წინაშე. მაშინვე გაიყოლია ორი მონაზონი და წავიდა დავრდომილთან, მისვლისთანავე შევიდა ქოხში პირაუხვევლად, ხოლო მონაზვნებმა აიხვიეს ცხვირ-პირი, სასტიკი სიმყრალის გამო. იხილეს საცოდავი ქალი სკორესა ზედა, გარდა თავ-პირისა ყოვლად დაწუმპლებული და მატლ ხვეული, რომლის წინ დგომა იყო ჯოჯოხეთი, აუტანელი სიმყრალის გამო, მაგრამ გაამხნევა მონაზვნები და უთხრა დაბანეთ, გაასუფთავეთ ლოგინი და გამოუცვალეთ ტანისამოსი. შეუდგნენ მონაზვნები ალექსი ბერის სიტყვის აღსრულებას, მღვდელთან კაცი გაგზავნა, მოვიდა, აზიარა. ალექსიმ საღმრთო სიტყვებით ანუგეშა საწყალი მომაკვდავი და გამოეთხოვა. იყო უაღრესად კაცთმოყვარე ქრისტეს მცნების, გიყვარდეს მოყვასი შენი, გულწრფელად შემსრულებელი. ალექსი ბერს ხალხი ასეთი სიყვარულისათვის სიცოცხლეშივე წმინდანს უწოდებდა. ალექსი ბერის ხსენების დღე არს 31 იანვარი. ალექსი ბერი გარდაიცვალა 1923 წელს. ეკლესიამ წმინდანად აღიარა 1995 წელს. განისვენებს მისივე სავანეში, სადაც დებმა ზოია და ნინა შუშანიებმა აღაშენეს მამა ალექსის სახელობის ტაძარი 2000 წელს. მამა ალექსის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი არ მიუტოვებიათ ალექსი ბერის ბიძაშვილებს, იღუმენია ფასტოსა და მის დას სქემმონაზონ აკეფსიმას, რომლებიც ამ ტაძარში მოღვაწეობდნენ 1918 წლიდან. როცა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ეკლესია-მონასტრების ბერმონაზვნების დარბევა და აწიოკება, ამ მონასტერს ბევრი ჭირი აქვს ნახული, 24-ში აქ სამი სახლი მდგარა, რომელიც დაუნგრევიათ და ფიცარ-ფიცარ წაუღიათ: კოლექტივის კანტორა არის ასაშენებელიო. დებსაც დაემუქრნენ, რომ მონასტრიდან გაყრიდნენ, ანაფორასაც ძალით გახდიდნენ, თუ „საერთო ბედნიერებას არ შეუერთდებოდნენ." დებს, რა თქმა უნდა, არც ეკლესია, არც ანაფორა და არც ლოცვა არ უარყვიათ, მაშინ მათ 200 ფუთი სიმინდი შეაწერეს. სასოწარკვეთილი იღუმენია ფასტო წერს, 200 ფუთი სიმინდის გაგონებამ დააბნელა ჩვენი გონება. მაშინ მათ ეკლესიის დანგრევით დაემუქრნენ, ეკლესიიდან ზარები ჩამოხსნეს და წაიღეს, შემდეგ ეს ზარები დააბრუნეს, ისინი ერთ-ერთ ღვთისნიერ ადამიანს შეუნახავს. უდიდესი ზარი ახლაც ჰკიდია აქ და დუმს, უღმერთოს ხელი ატყვია, რადგან გაბზარულია, ეკლესია კი დანგრევას გადაარჩინა იღუმენია ფასტომ. მან მოახერხა ფილიპე მახარაძესთან შესვლა, მგონი, 1937 წელს. მეზობლებმა ფასტო რომ დაინახეს ანაფორით და ჯვრით გამოატარეს, როცა გაიგეს სამონაზვნო სამოსით მიდიოდა იგი თბილისში, ბევრი ეხვეწებოდა ანაფორით და ჯვრით არ წასულიყო, რადგან იქიდან ცოცხალს აღარ ელოდნენ. რა თქმა უნდა, ფასტო, რომელიც 16 წლის აღიკვეცა მონაზვნად და მისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო ანაფორა გაეხადა, ანაფორითა და ჯვრით ეახლა ფილიპე მახარაძეს, ალბათ, შეახსენა ბიძამისი ალექსი ბერი როგორ მალავდა მას და მის ამხანაგებს მეფის ჟანდარმერიისაგან. ასე გადარჩა ტაძარი დანგრევას. ეკლესია კი გადარჩა, მაგრამ, ახლა სხვა უბედურება დააწიეს კომუნიზმის მაშენებლებმა ორ უძლურ მონაზონს: მიწა წაართვეს და ულუკმაპუროდ დატოვეს. ფასტო იძულებული გახდა, სტალინისათვის მიემართა. აი, რას წერს ის სტალინს: ცხაკაიას რაიონის სოფელ ზედა თეკლათში 33 წელი ცხოვრობდა ბიძა ჩვენი მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია, ამ უდაბურ ზღვის ნარჩენ კრიახ კუნძულზე არა მქონი საზოგადო მამულისა, არა მიმღები სახელმწიფოსაგან ჯილდო-ჯამაგირისა, არა საზოგადო ნაშრომით მონახვეჭ ფულით ამგებელი რამისა, არცა უბრალო როჭიკითა შემწუხებელი ხალხისა, პირიქით, მისგან დახმარება მიუღიათ და ამგვარად ჩვენი საკუთარი შრომით არსებულს ყველა შეგნებული პირნი ზნეობრივად და ძმურად ვალდებულ არიან პატივით ეპყრობოდნენ, მით უმეტესად, საყურადღებოს, რომ სინოდის დროიდანაც ხელშეუხებლად და დამოუკიდებლად არსებულს. ჩვენ ორი და, მოხუცებული 90 წლის დედით ვცხოვრობთ, არსებულ სავანის ეზოში. ამ უკანასკნელ დროს გამოცემული კანონით ჩვენი ეზო-მიწა აზომილია სათანადო ორგანოს მიერ, სათანადო წესით და ამ დადგენილების გასატარებლად ჩვენ გთხოვთ, ამ მოხუცებულობის დროზე ამდენი წლით სოფლისაგან განშორებით ცხოვრებულნი: ეს ეზო-ადგილი, რომელიც შეადგენს ციცაბო სალ კლდოვან მიწას, ჩვენ დაბეგვილ ხელებს ნუ ჩამოერთმევა დასამუშავებლად, ვიდრე სულის აღმოსვლამდე, მიწა ვართ და მიწას გთხოვთ. ერთობა, ძმობა და სიყვარულის მქადაგებელ ქართველ მამას. სწავლა-განათლება ხელს არ მიწყობს, რაც მინდა თქვენ წინაშე აღვიარო, მცირე აღწერით ჩვენი ჭირ-ვარამი ვრცლად გაგაცნოთ და ამით ნუგეშეული დავრჩეთ. მარჯვენა რას იქმოდეს, მარცხენამ არ იცოდესო. მაგრამ შარაგზაზე დარჩენილნი, მღვიმითა აღმოგძახებთ: თავისუფლების დროზე ტაბლისაგან თქვენისა გადმონაცვენების ვრჩებოდეთ იმედად ჩვენცა. თქვენსა წინაშე ბიძა ჩვენს, მისი შეძლებისდაგვარად, თქვენი პირების ხელით თავისი წვლილი არ დაუზოგავს თქვენი თავისუფლების მოსაპოვებლად (ამ უნუგეშობის დროს მოგაგონებთ თქვენს მოწყალე მამობას. ფეხით წამოვალ მგონია). ჩვენი სავანე, ეზო განშორებულია სოფლისაგან, სალ-კლდოვან ხრამს წარმოადგენს, მაგრამ წამოთლილი სარის საშუალებით დარგული დაფნის იმედით ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენი სიბერის ნუგეშად გვიგულვია. ამ შემოსაზღვრულ ეზოში, იმედი გვრჩება, თქვენს მიერ შეწყნარებისა, დღემდის მხოლოდ საქართველოში დამოუკიდებლობის საკუთარი შრომით ცხოვრებულს თავისუფლების მომნიჭებელი მამის წინ წარმოდგომილს საწყალ მშრომელ არსებას უგულებელს არ გვყოფთ.
ფასტი შუშანია. 1939 წ. ოქტომბერი 26.
მე არ ვიცი, მიიღო თუ არა სტალინმა ფასტოს წერილი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, „ქართველი მამისაგან" მას არავითარი შემწეობა არ მიუღია, ეს იქიდან ჩანს, როცა ფასტო მოგონებაში ამბობდა, მადლობა უფალს მონასტრის ეზოს ჭინჭარი არ აკლდა და ამით შევინარჩუნეთ დებმა სიცოცხლეო, ამდენ განსაცდელში მყოფმა ადამიანებმა როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, იღუმენია ფასტომ და მისმა დამ სქემმონაზონმა აკეფსიმამ, ძმისშვილები ზოია და ნინა ტყუპის ცალები მოიყვანეს 8 წლისანი და მონასტერში აღზარდეს. 28 წლის იყვნენ, როცა ღვთივ განისვენა იღუმენია ფასტომ, ეს მოხდა 1967 წელს. ზოია მიყვებოდა, მამიდა რომ გარდაიცვალა, 40 დღე არ მიჭამია, მარტო წყალს ვსვამდიო, 5 წლის შემდეგ მიიცვალა სქემმონაზონი აკეფსიმა, დარჩნენ ახალგაზრდა დები მონასტერში. წარმოიდგინეთ ბატონო პრეზიდენტო, მათი ყოფა მონასტერში, ირგვლივ კაცის ჭაჭანება არაა, დაღამდება, ამოვარდება ქარი, ხის სახლს ქარისაგან ჭრიჭინი გააქვს, დები ზოია და ნინა შიშისაგან ლოგინზე წამომჯდარნი ელიან გათენებას. ბევრი ურჩევდა დებს მიეტოვებინათ მონასტერი, მაგრამ მონასტერში აღზრდილებს, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ მეუფე ილიას ლოცვა-კურთხევით და თანადგომით, ერთი წუთით არ მიუტოვებიათ თავიანთი სამკვიდრებელი.
შუშანიის სავანეში მე მოვედი 1981 წელს. გადმომიყვანეს გურიიდან, ამის შემდეგ დებს მე არ მოვცილებულვარ, თუმცა, პატრიარქმა შემომთავაზა გელათის მონასტრის წინამძღვრობა, როცა გელათის მონასტერი გაიხსნა. უარი ვკადრე უწმიდესს. არ შემეძლო დები მიმეტოვებინა მარტო, ჩვვენ ერთად სიხარულიც გავინაწილეთ და გაჭირვებაც. ერთმანეთს მივაბერდით, თუმცა უძლურნი არ ვართ, მაგრამ ახლა შემწეობა დაგვჭირდა და გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, დახმარებას, მე არასდროს, აზრადაც არ მომივიდოდა, დახმარება მეთხოვა, თქვენ ისედაც არ გაკლიათ მთხოვნელ-მვედრებელნი. ბატონო პრეზიდენტო, ახლა იძულებული გავხდი, პირადად ჩემთვის გთხოვთ. დებმა ზოია და ნინა შუშანიებმა გაუძლეს უღრმთო ხელისუფლებას. დღეს, როცა სარწმუნოებას არავინ დევნის და მშვიდობა დამყარდა, დამატყდა თავს უბედურება. ერთი წლის წინ ნინა შუშანია ლოგინად ჩავარდა, უვლის მას მისი ტყუპის ცალი ზოია, რომელსაც თვალს დააკლდა. ჩვენ ვიყავით ჯავრიშვილის კლინიკაში, მადლობა მათ შემწეობისთვის, ფული არ გადაგვახდევინეს. საქმე ისაა, ბატონო პრეზიდენტო, რომ ზოიას ბავშვობიდან თვალს აკლია, მაგრამ იმდენს კი ხედავდა, რომ ადამიანის სახე გაერჩია. ექვსი თვეა თვალებში ძალიან დააკლდა, წარმოიდგინეთ ჩემი სულის მწუხარება. შევყურებ მას და არაფრის შველა არ შემიძლია, მის იმედად არის მისი ავადმყოფი და და მისი მონასტერი. ზოიას, რაც აქვს დარჩენილი მხედველობა ისიც რომ დაკარგოს, მე გაფიქრებაც არ მინდა. ბატონო პრეზიდენტო, მისთვის არ გთხოვთ, ჩემთვის და მისი ავადმყოფი დისთვის. თქვენ ქვეყანას იცნობთ, მე და ზოიას თფილისის მეტი არ გვინახავს, გევედრებით თქვენი შვილების სახელით, სიყვარულის სახელით დამეხმარეთ, იქნებ არის ისეთი წამალი, რომ მას შეუნარჩუნოს თვალის სინათლე, იმ ზოიას, რომლის დანახვამაც აღაფრთოვანა მწერალი იაკინთე ლისაშვილი, რომელმაც ექსპრონტად ლექსი უძღვნა:
„წყაროსავით ცქრიალებ და იღვრები,
შავთვალ-წარბა გიცქერ მიპყრობს ფიქრები,
შენთან ვნახე საარაკო ალაგი,
ღმერთმა გლოცოს დაგიფასოს ამაგი".
1961, იაკინთე ლისაშვილი.
მართლაც მშვენიერია ალექსი ბერის სავანე, გაამშვენეს და გაალამაზეს, შემოავლეს ქვის გალავანი, არავინ შეუწუხებიათ. აღაშენეს კეთილი ადამიანების დახმარებით წმინდა ალექსი ბერის მუზეუმი. რაც ქონდათ, ეკლესიას მოახმარეს, 30 წელია მათთან ვარ და ვიცი: ზოიამ ორჯერ გამოიცვალა პალტო, რაც შემოსავალი იყო და შემოწირულობა, ჩვენ პირადად არაფერი მოგვიხმარია, ყველაფერი ეკლესიას და გაჭირვებულთა დახმარებას შევალიეთ. უფლისთვის თავდადებულ ადამიანებსაც ვთხოვთ დახმარებას.
ბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნა და ვედრება შეიწყნარეთ, იქნებ თქვენ არც კი გევალებოდეთ შეწყნარება ჩემი თხოვნისა, მაგრამ ჩემმა უძლურებამ, უმწეობამ გამაბედინა თქვენთვის მომემართა. ბატონო პრეზიდენტო, სიცოცხლის სახელით გთხოვთ დახმარებას.
შუშანიის სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელქისედეკი.
ქალაქი სენაკი, მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი. 2010 წელი.
გაზეთი "რეზონანსი" 01.05.20010