ვარძიის კომპლექსის გადარჩენის საერთაშორისო პროგრამა აქტიურ ფაზაშია. იქ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე საერთაშორისო ექსპერტები იმყოფებიან: კედლის მხატვრობის მიმართულებით პროფესორი დევიდ პარკი და კლდის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებში, ვარძიის პროგრამის ხელმძღვანელი კლაუდიო მარგოტინი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ხვალ ვარძიაში მიმდინარე სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და ვარძიის კედლის მხატვრობის კვლევითი პროექტის თანადამფინანსებლები, დიდ ბრიტანეთში ჯექსონის ფონდის ხელმძღვანელები: პიტ ბრაუნი და ამანდა ტეილორი მოინახულებენ.
ვარძიაში კლდეში ნაკვეთი კომპექსის გადარჩენის მიზნით, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, მიმდინარეობს კლდის კვლევა, კლდის გამაგრება-კონსერვაცია, ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკა და ტურისტული ინფრასტუქტურის კეთილმოწყობა.
"ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში ვარძიის კლდის ყველაზე დაზიანებული უბნების გამაგრება და კონსერვაცია უკვე დაწყებულია. დასკვნით ეტაპზეა ვარძიის უძველესი კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკური სამუშაობი, რომელიც დასრულების შედეგად, მიმდინარე წლის ბოლოს, სახელმწიფოს ექნება ვარძიის უძველესი მხატვრობის მდგომარეობის ანალიზი, სრული კვლევითი დოკუმენტაცია და კონსერვაციის ზუსტი მეთოდები", - განაცხადეს სააგენტოში.
მათივე ცნობით, ვარძიაში ასევე მიმდინარეობს არქეოლოგიური კველვა, რომლის შედეგად უკვე გამოვლენილია უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის 2 ახალი იარუსი და მასში არსებული 10 ქვაბული.
"საცხოვრებელ და სამეურნეო დანიშნულების დარბაზებში უძველესი თონის, სათავსოების და ქვევრების ნაშთები იკვეთება, სადაც ერთი ათეული საუკუნის წინ ღვინოს და მარცვლეულ კულტურას ინახავდნენ. ვარძიის ახლადგამოვლენილ უბანზე ასევე აღმოჩენილია მოჭიქული და მოუჭიქავი კერამიკის ჭურჭელი - ფიალა, ქოთანი, სარქველები, რკინის შუბის პირი და გოძალი, რომელსაც არქეოლოგები XIII-XIV საუკუნით ათარიღებენ", - აცხადებენ სააგენტოში.