საქართველოს რეგიონებში მომუშავე მედიის წარმომადგენლები საჯარო პირების მიერ ინფორმაციის დაბლოკვას აპროტესტებენ.
"საქართველოს რეგიონებში დასაქმებული ჟურნალისტებისთვის უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მოპოვება. ამ მხრივ, საჯარო ინფორმაციის დამალვით, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები გამოირჩევიან - შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო.
პრობლემებთანაა დაკავშირებული რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების სხვა ცენტრალურ უწყებებთან ურთიერთობაც. კერძოდ, აღნიშნული უწყებების პრეს-სამსახურებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებების თანამშრომლები, ძირითადად, ინფორმაციის დამალვით არიან დაკავებულნი და ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას დამატებით ბარიერებს ქმნიან. უფრო მეტიც, ცენტრალური უწყებების პრეს-სამსახურები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის არ თანამშრომლობენ რეგიონულ მედიასთან, ან შერჩევითი თანამშრომლობის ფორმებს იყენებენ - ინფორმაციას აწვდიან მხოლოდ მათთვის "სასურველ" ჟურნალისტებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ხელისუფლებისგან მართვად ან კონტროლირებად მედია-ორგანიზაციებში.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის წევრებს, უზრუნველყონ საჯარო დაწესებულებების რეალური და არა ფასადური გამჭვირვალობა. დაუყოვნებლივ აღკვეთონ საჯარო მოხელეების თვითნებობა ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებისას და იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ კანონით დადგენილი ნორმებით", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 მედიასაშუალება აწერს.აღნიშნული განცხადებაში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, მიმდინარე კვირას აღნიშნულთან დაკავშირებით რეგიონული მედიის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან, ასევე იგეგმება საპროტესტო აქციებიც.
მასალის გამოყენების პირობები