"ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მოვაჭრეებს გადასახადების შემცირებას ჰპირდება.
აღნიშნულის შესახებ დაპირება ალასანიასგან დღეს ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა მიიღეს.
საარჩევო კამპანიის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ალასანიამ მათ ბიზნესის ხელშეწყობის შესახებ "ალიანსის" მიერ მომზადებული პროგრამაც გააცნო, რომელიც მეწარმეებისთვის შეღავათიანი - 8 %-იანი სესხის გაცემას ითვალისწინებს.
"საოჯახო და მცირე ბიზნესის დაფინანსების ის პროექტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხალხს ძალიან მოსწონს. გარდა ამისა, სერიოზულად არის გადასახედი საგადასახადო კოდექსი, რადგან დღეს ის, პრაქტიკულად, საჯარიმო საგადადასახო კოდექსს წარმოადგენს - ბიუჯეტის 70 % ჯარიმებით არის შევსებული. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ ბიზნესი განვითარდეს", - განაცხადა ალასანიამ.