დღეს, 29 ივლისს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობათა კრებულის - „ბროდის ანგარიში“ - პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ესპანურიდან ლანა კალანდიამ თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.
ხორხე ლუის ბორხესის „ბროდის ანგარიში“ პირველად 1970 წელს გამოქვეყნდა. კრებულში მწერლის თერთმეტი მოთხრობაა შესული. მოთხრობებს შორის პირდაპირი შინაარსობრივი კავშირი არ არსებობს, თითოეული მათგანი დამოუკიდებელი იგავია – იგავი ბედისწერაზე, შემთხვევითობაზე, ადამიანებზე და საგნებზე.
ბორხესი სიტყვაძუნწი მწერალია – წერს ლაკონიურად, თანმიმდევრულად, სწორხაზოვნად. ერთ-ერთ მოთხრობაში თავადვე აღნიშნავს, თანმიმდევრული თხრობა წვრილმანებს მეტისმეტად აზვიადებსო. ამ თანმიმდევრული, მეთოდური თხრობის მიუხედავად, ბორხესის ენა პოეზიის ენასთან უფრო ახლოსაა. 1963 წელს პარიზში სტუმრად ჩასულ ბორხესს ახალგაზრდა მწერალი, მაშინ პერუული ლიტერატურის ჯერ კიდევ ამომავალი ვარსკვლავი, მარიო ვარგას ლიოსა ესაუბრა. ამ ინტერვიუში ბორხესი ზუსტად განმარტავს თავისი შემოქმედების პოეტიკას: „ახლა, ჩემი შემოქმედებითი კარიერის დასასრულს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ ერთ ლიტერატურულ ჟანრს ვემსახურებოდი – პოეზიას, რომელიც ხშირად პროზით გამოიხატებოდა“.
ბორხესის სხვა ენაზე ამეტყველების სირთულეც სწორედ მისი ენიდან მოდის. რეალურად მთარგმნელი ორი დიდი გამოწვევის წინაშე დგას: შეინარჩუნოს ამბის გარეგნული „სიცივე“ და, ამავდროულად, მკითხველამდე მიიტანოს ის ფარული მღელვარება და ღრმა შინაგანი მელანქოლია, რომელსაც ბორხესის მაგია ჰქვია.
შეგახსენებთ, რომ ლანა კალანდია ლიტერატურული კონკურსის, „საბას“, წლევნდელი ნომინანტია (გაბრიელ გარსია მარკესის "იცხოვრო, რომ მოჰყვე" თარგმანი).
ლანა კალანდია ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. აქვს ფილოლოგიის მეცნიერებათა ხარისხი. 1997 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის წოდება. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული ლიტერატურის მასწავლებელი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის “ალმა მატერის“ ლიტერატურის მასწავლებელი. ამავე დროს, აქტიურად მოღვაწეობდა ლიტერატურული კრიტიკის კუთხით. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო გამოკვლევა ფილოლოგიის სფეროში. ავტორია წიგნისა “ფიქრიდან სიტყვამდე“, რომელშიც თავმოყრილია ქართულ პრესასა და ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა დროს დაბეჭდილი წერილები.