28 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და დედამისის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
ადრე დაქვრივებული ქრისტესმოსავი კეთილშობილი ქალბატონი ივლიტა თავის სამი წლის ვაჟთან, კვირიკესთან ერთად ცხოვრობდა მცირე აზიის ქალაქ იკონიაში. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს გაერიდა მშობლიურ ქალაქს და ჯერ სელევკიას შეაფარა თავი და მერე - ტორსს. მაგრამ ავი ენის დასმენით მოხვდა მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე. წამების დროს ის მხნედ აღიარებდა თავის ქრისტიანულ აღმსარებლობას.
დედის წამების შემყურე, პატარა კვირიკე ტიროდა და დედისაკენ იწევდა. ალექსანდრე ცდილობდა ბავშვის მოფერებას, მაგრამ ბავშვი ხმამაღლა გაიძახოდა: „გამიშვით დედასთან, მეც ხომ ქრისტიანი ვარ!“ მმართველმა მძლავრად მოისროლა კვირიკე, რომელმაც კიბეს დაჰკრა თავი და სული განუტევა. დედამ მადლი შესწირა უფალს, რომ მისი შვილი წამების გვირგვინით იქნა შემკობილი. სასტიკი წამების შემდეგ ივლიტაც მახვილით განგმირეს.
საქართველოში ოდითგან დიდი პატივით იყო მოსილი ამ წმიდანთა სახელები. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.
კვირიკობამ — უხსოვარი დროიდან სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო სვანეთში. 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან.
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაში წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.