მსოფლიოში მედიის თავისუფლების შესახებ Freedom House -ის მიერ გამოქვეყნებულ მორიგ ყოველწლიურ კვლევაში მედიის თავისუფლების ხარისხით საქართველო კვლავაც "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.
კვლევა 196 ქვეყანას მოიცავს და იგი 2009 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ქვეყნებში მედიის თავისუფლების ხარისხი 0-დან 100 ქულამდე შეფასების სისტემით სამი მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება, ესენია: საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო.
სულ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის კლასიფიკაციით, მსოფლიოში პრესის თავისუფლება დაფიქსირებულია 69 ქვეყანაში, ნაწილობრივ თავისუფალია 64 ქვეყანა, ხოლო მედიის თავისუფლება არ არსებობს 63 ქვეყანაში.
"თავისუფალი" მედიის მქონე ქვეყანათა კატეგორიაში მოხვდნენ ის სახელმწიფოები, რომელთაც 0-დან 30-მდე ქულა მიენიჭათ, 31-დან 60-მდე ქულა "ნაწილობრივ თავისუფალი" მედიის მქონე ქვეყნებს აერთიანებს; ხოლო იმ სახელმწიფოებში, რომელთაც 61-დან 100-მდე ქულა განესაზღვრათ, Freedom House -ის შეფასებით, მედია არათავისუფალია.
რეიტინგში საქართველო 59 ქულით 126-ე ადგილს ჰონდურასთან, ნეპალთან და პარაგვაისთან ერთად იყოფს. გვისწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ბუტანი, კენია, სენეგალი, სეიშელი და ტაილანდი. ეს სახელმწიფოები რეიტინგში 121-დან 125-ე ადგილებს ინაწილებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო შარშანდელთან შედარებით ორი ადგილით დაწინაურდა, რადგან 2009 წელს გამოქვეყნებულ მსგავს კვლევაში, საქართველოს 60 ქულით, 128 ადგილი ეკავა.
რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, დანია, ბელგია, ლუქსემბურგი, ანდორა, შვეიცარია და ლიხტენშტეინი.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საუკეთესო პოზიციაზეა ესტონეთი, რომელიც მე-19 ადგილს გერმანიასთან იყოფს. ლიტვა კი - 32-ეა ლატვია 55-ე.
ამერიკის შეერთებული შტატები ამ რეიტინგის სიაში 25-ე ადგილზე იმყოფება. დიდი ბრიტანეთი _ 29-ზე, საფრანგეთი 41-ზე, ესპანეთი _ 50-ზე, ისრაელი 64-ზე.
უნდა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც "თავისუფალი ქვეყნების" კატეგორიაში მოხვდნენ, სამხრეთ კორეა ასრულებს.
"ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში" მოხვდნენ 75-ე ადგილით იტალია, 76-ე ადგილით ბურგარეთი, 89-ე ადგილით ბრაზილია. თურქეთი კი რეიტინგში 106-ე ადგილზეა.
"ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყნების სიაში მოხვდა კოსოვოც, რომელიც უკრაინასთან ერთად 108-ე ადგილს იყოფს. ამ კატეგორიაში ყველაზე ბოლო ადგილზე მექსიკა აღმოჩნდა, რომელიც საერთო რეიტინგში 133-ე პოზიციაზეა.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც მედია არათავისუფალია, ასეთ კატეგორიაში აღმოჩნდნენ მოლდოვა, რომელიც ერაყთან ერთად 144-ე ადგილს იყოფს, 146-ე ადგილზეა სომხეთი, 170-ზე ყაზახეთი, 171-ზე ტაჯიკეთი, ხოლო აზერბაიჯანი რეიტინგში 172-ე ადგილზეა. რუსეთი რეიტინგში 175-ე ადგილს გამბიასთან ერთად იყოფს. მას ერთი საფეხურით უსწრებს კონგო, ხოლო მის შემდეგ მოდის ვიეტნამი. ჩინეთმა წლევანდელ რეიტინგში 181-ე ადგილი დაიკავა, ირანმა 187-ე, უზბეკეთმა კი 190-ე.
რეიტინგის ბოლოში აღმოჩნდნენ 194-ე ადგილით ბირმა, 195-ე პოზიციით თურქმენეთი, ხოლო სიის ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა _ 196-ე ადგილი.
Freedom House -მა მორიგი კვლევა 29 აპრილს გამოაქვეყნა.