საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 23 ივლისის საჯარო სხდომაზე სს “ენერგო პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელა. კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ საჯარო სხდომაზე წარმოდგენილი გაანგარიშებისა და დეტალური ანალიზის საფუძველზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი დაუდგინა. 0-100 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე პირთათვის ტარიფი განისაზღვრა 10.978 თეთრი/კვტ.სთ-ით (პირველი საფეხური), 101-300 კვტ.სთ-ს მომხმარებელთათვის - 14.348 თეთრით/კვტ.სთ-ით (მეორე საფეხური), 301 კვტ.სთ და მეტი - 18.178 თეთრი/კვტ.სთ-ით. სამივე საფეხურისთვის ტარიფი გაიზარდა 3.348 თეთრი/კვტ.სთ-ით. ტარიფები ძალაშია 2015 წლის პირველის აგვისტოდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე.
მიმდინარე წლის აპრილში სს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ კომისიაში წარმოადგინა წერილი, რომლითაც მოითხოვა ელექტროენერგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირება. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ განმარტების შესაბამისად, კომპანიას გაუჩნდა ფულადი სახსრების დეფიციტი, რაც გამოწვეული იყო ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულების ზრდით. აღნიშნულ საკითხზე კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. ინფორმაცია განთავსდა როგორც კომისიის ვებ გვერდსა და Facebook-ის, ასევე გავრცელდა მედიაში. საჯარო წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, კომისიის ვებ-გვერდზე განთავსდაშესაბამისი პროექტი და განისაზღვრა საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ (ნებისმიერი ფიზიკური პირი) კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადა. თუმცა, ამ ვადაში წინადადებები წარმოდგენილი არ ყოფილა.