ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დევნილებს საჩუქრად სიმინდის სათესლე მასალა გადასცეს.
ღონისძიება ტერმინალ "ლილო 1"-ში გაიმართა.
"მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, ამერიკის ხალხს, რომლებიც დევნილ მოსახლეობას სიმინდის სათესლე მასალით დაეხმარნენ. თავისთავად, ძალიან კარგია, რომ დევნილ მოსახლეობას საკუთარი მოსავალი ექნება. შედეგად, ისინი სახელმწიფოს დახმარებებზე ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულნი და საკუთარ მოწეულ მოსავალს ისე მოიხმარენ როგორც საჭიროდ მიიჩნევენ", - განაცხადა სუბელიანმა.
ამერიკის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, დახმარება დაახლოებით 2 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალდნენ.
აღნიშნული პროექტი USID-ის დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" მეშვეობით განხორცელდა, რომლის ღირებულება 68 ათასი დოლარია.