ოპოზიცია 7 ნოემბრის აქციების დეტალებს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელია მიიჩნევს, რომ 7 ნოემბრის აქცია ეს არის იმ დღეს გამოსახატი პროტესტი, რომელიც ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, თუმცა "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ვერ აკონკრეტებს, რამდენად ფართომასშტაბიანი იქნება საპროტესტო აქციები. ბესელიას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერები დეტალებს აზუსტებენ, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენენ.
ბესელიას განცხადებით, ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგებს არ მიაღწევს.
"7 ნოემბრის აქციის შედეგი რა უნდა იყოს გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხი არის ვალდებული, გამოხატოს პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. რა შედეგი შეიძლება დადგეს 7 ნოემბერს, გარდა იმისა, რომ საზოგადოებამ ჩათვალოს ვალდებულად თავი, ერთიანობით, მაქსიმალური ძალისხმევით, აქტიურობით ჩაერთიოს საპროტესტო აქციაში და ერთი დღე დაავალდებუყლოს საკუთარი თავი, რომ გამოხატოს პროტესტი იმ უკანონობისა და ძალადობის გამო, რაც მოხდა 7 ნოემბერს. თუ ეს შედეგი არ დადგება ხვალ და ზეგ, ამის გამო 7 ნოემბრის საპროტესტო აქცია არ უნდა გაიმართოს? ვიდრე შედეგი არ დადგება, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ეს არის პოზიცია და არა ის, რომ თუ სამი თვე ხალხი ქუჩაში იდგა და დღემდე ხელისუფლება არ შეცვლილა და ეს იმას ნიშნავს, რომ შეწყვიტოს ოპოზიციამ ბრძოლა, მე ვფიქრობ, ეს არის მცდარი პოზიცია. 7 ნოემმბრის აქცია _ ეს არის კონკრეტულად იმ დღეს გამოსახატი პროტესტი, რომელიც ყველა მოქალაქის ვალდებულებაა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიამ.