საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 13 ივნისს მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით დასკვნის დეტალები გაამხილა. როგორც მინისტრმა „2030“–ის ეთერში განაცხადა, „ჩვენ საქმე გვქონდა 2 მოვლენის ერთობლიობასთან: სტიქიასთანაც და ადამიანის უგნურებასთანაც“. მისი თქმით, მოცულობითი დასკვნის მომზადებაზე უწყების სპეციალისტები მუშაობდნენ.
„13 ივნისს ერთმანეთს დაემთხვა ბუნებრივი მოვლენების ერთობლიობა, რომელიც გამოიხატა 2 არსებითი კომპონენტით. პირველი: ეს იყო ჭარბი ნალექი ნალექი მატულობდა კატასტროფულად. თბილისში უხვი ნალექი იყო, თუმცა ვაშლიჯვრის ავტომატურმა სადგურმა დააფიქსირა წყლის მოცულობა მხოლოდ 49 მმ (ეს არ არის საგანგაშო მონაცემი) და ამ დროს, როგორც სპეციალისტები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, ვერეს ხეობაში ნალექის მოცულობა 100 მმ აღემატებოდა. ამან გამოიწვია მდინარის წყალშემკრებ აუზში (ჯამურად 190 კილომეტრზე მეტი) ძალიან დიდი ოდენობის წყლის მასის მოგროვება, მეორე: მას თან დაერთო ახალდაბასთან მეწყერის ჩამოწოლა (დაახლოებით 32 ჰეკტარზე) და მთელი ეს მასა მდინარე ხოჯანას ხევმა, რომელიც არის ვერეს ხეობის მარჯვენა შენაკადი, გამოიტანა მდინარეში (ამ შემთხვევაში ვერეში). ამ უზარმაზარმა ღვარცოფულმა მასამ მდინარის მიანდრების მიუხედავად თავისუფლად გამოიარა სვანიძის ქუჩამდე, აი აქ დაიწყო პირველი შეტბორვა“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზის მეორე კომპონენტი, მინისტრის თქმით, მშენებლების საინჟინრო გადაწყვეტილება გახდა.
„სადაც კი მდინარემ ნახა ბარიერები (ეს ბარიერები შექმნილია გმირთა მოედანთან 30–40–იან წლებში, 56 წელს არის ინსტალირებული გვირაბი სვანიძის ქუჩასთან, თამარაშვილის ხიდის მშენებლობის პროცესში, შემდგომ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში რამდენიმე გოფრირებული გვირაბი დაემატა) და შეხვდა ადამიანის ნამოქმედარს, ყველგან ჩაიხერგა. ჩახერგვა შეიძლება არ მომხდარიყო მხოლოდ წყალი რომ ყოფილიყო, მაგრამ ღვარცოფული მასა, მათ შორის ხეების უზარმაზარი რაოდენობა, ჩაიხერგა და ამან წყალი ვეღარ გაატარა და მომავალმა წყალმა გამოიწვია შეტბორვები და კატასტროფული შედეგები“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთანავე გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, რომ უწყების სპეციალისტებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რომლის თანახმად არ არის სასურველი ჭალაში მდინარის ორივე ნაპირზე გაშენდეს რაიმე ტიპის ნაგებობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.