თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა, - ამის შესახებ გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოში დღეს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აღნიშნულმა საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია ნაციონალური მოძარობის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა. სევდია უგრეხელიძის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებს ძირთადად სახელმწიფო მოღვაწეების სახელები ჰქვია.
სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ითხოვდა, რომ საკითხი დეპუტატებს ნაჩქარევად არ მიეღოთ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე რიმა ბერაძემ განაცხადა, ბედნიერია, რომ მიიღო მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისათვის მსოფლიოში ცნობილი შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების პროცედურაში.