,,ავიაკომპანია МАУ”- ს (უკრაინის საერთაშორისო აივიახაზები) წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოდესის საჰაერო სივრცეში ერთი კომპანიის მონოპოლიის შესახებ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ ოდესაში ფრენებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია ახორციელებს, იმიტომ, რომ მას სახელმწიფო საავიაციო კომიეტეტში ,,თავისი კაცი” ჰყავს.
,,მივიჩნევთ, რომ შეუძლებელია უპასუხოდ დავტოვოთ იმ მაღალი თანამდებობის პირის განცახდება, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების დამცველად და კანონის უზენაესობის მომხრედ მიიჩნევს თავს და ამავდროულად ისეთ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც სიმართლეს არ შეეფერება.” - ნათქვამია ,,ავიაკომპანია МАУ”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის მესვეურების თქმით, ოდესის საჰაერო სივრცე უკრაინული ავიაგადამზიდავებისთვის სრულად გახსნილია და შიდა რეისებზე არავითარი შეზღუდვა არ არსებობს.
,,არსებულ საბაზრო პირობებში, მაშინ, როცა მოსახლეობის გადახდისუნარიანობა ძალიან დაბალია, საავიაციო ნავთობი, აეროპორტის მომსახურება და სხვა საშუალებები საკმაოდ ძვირი ჯდება, ამიტომ შიდა რეისების განხორციელება წამგებიანია. სწორედ ეს არის იმი მიზეზი, რომ გადამზიდავები უკრაინის ფარგლებში ფრენებზე უარს ამბობენ.
ამდენად, სააკაშვილის განცხადება, თითქოს ოდესაში მხოლოდ ჩვენი ავიაკომპანია იმიტომ მოქმედებს, რომ ჩვენ სახელმწიფო საავიაციო კომიტეტში წარმომადგენელი გვყავს, სიმართლეს არ შეესაბამება.” - წერს ,,ავიაკომპანია МАУ”- ს პრეს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია ,,5 არხი” -ს ეთერში მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის სხვადასხვა სფეროში არსებულ კორუფციაზე ისაუბრა და ოდესის აეროპორტის პრობლემებსაც შეეხო.
,,მე ახლა ძალიან საინტერესო რამ დავადგინე. იყო ბევრი განცხადება, მაგრამ ფრენის უფლებას არავის აძლევენ, რადგან მხოლოდ ამ ერთმა ავიაკომპანიამ უნდა იფრინოს.” - განაცხადა მან ,,ავიაკომპანია МАУ” -ს შესახებ.
ოდესელი ჟურნალისტები ამ კომპანიას დნეპროპეტროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის იგორ კოლომოისკის და ოდესის ოლქის ახლადგათავისუფლებული გუბერნატორის იგორ პალიცის სახელს უკავშირებენ.