ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის საომარი რიტორიკა სახიფათოა და დესტაბილიზაციურ ხასიათს ატარებს.
,,ეს ისაა, რასთანაც ჩვენ საქმე გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენ ვრეაგირებთ ისე, რომ ნატო მომავალშიც ყველა მოკავშირის დამცველ ალიანსად დარჩეს.” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ვებ-გვერდი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცოტა ხნით ადრე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული შეიარაღება საკონტინენტთაშორისო 40 ბალისტიკური რაკეტით შეივსო.
მისი თქმით, ამ რაკეტებს ნებისმიერი, ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილი რაკეტსაწინააღმდეგი თავდაცვითი სისტემის დაძლევაც შეეძლებათ.
მისი ეს განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება.
BBC-ის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მოსკოვის როლი რუსეთსა და ნატო-ს შორის დაძაბულობას დღითიდღე ზრდის.