ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაციის ორგანიზებით უნგრეთში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატიდან ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრები გუნდის მოხსნას ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და ეს ფაქტი ,,აფხაზეთის მოქალაქეების” დისკრიმინაციის მორიგ ფაქტად შეაფასა.
,,აფხაზი ფეხბურთელებისთვის ამ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას განვიხილავთ, როგორც დისკრიმინაციას, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ეს სამარცხვინო ფაქტი საქართველოს და მისი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან აფხაზური საზოგადოების იზოლაციისთვის გაწეული ძალისხმევის შედეგია, რასაც აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის დამახინჯებით, ანტიაფხაზური ზღაპრების შეთხზვით და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობაზე მცდარი წარმოდგენების შექმნით მიაღწიეს.” - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მიერ აფხაზეთის დასმენით გადადგმული ,,ეს უღირსი ნაბიჯი” კიდევ ერთი რგოლია ანტიაფხაზური ლაშქრობის იმ ჯაჭვში, რომელსაც საქართველოს მიმართ სიმპათიით განწყობილი ქვეყნები ბოლო წლების განმავლობაში აწყობენ.
ჩირიკბას მაგალითად მოჰყავს აფხაზურ საბავშვო ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებული შემთხვევა, რომელიც ჯერ მიიწვიეს თურქეთის საერთაშორისო ფესტივალზე, ქართული მხარის ჩარევის შემდეგ კი - მოხსნეს.
ასევე, მან ყურადრება გაამახვილა გერმანიაში გამართული ,,მწვანე კვირეულიდან” ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მოხსნასა და სხვა მსგავს ფაქტებზე.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, ყოველივე ეს იმას მოწმობს, რომ მათ წინააღმდეგ საქართველო ომს სხვა საშუალებებით აგრძელებს და ასეთ ნაბიჯებს აფხაზ ძმებსა და დებზე ზრუნვით ხსნის.
,,ასეთი ფარისევლურ რიტორიკაზე საუკეთესო პასუხი აფხაზეთის თავდაცვითი პოტენციალის ამაღლება და სხვადსხვა სფეროში რუსეთ-აფხაზეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გარღმავება იქნება.” - აცხადებს აფხაზური უწყება.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებს ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაციამ არაღიარებული ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უთხრა.
ConIFA-ს (ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაცია) მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ დებრეცენში 2015 წლის 17-21 ივნისს გაიმართება. მასში აფხაზეთის ჩათვლით, მონაწილეობა 8 საფეხბურთო ნაკრებს უნდა მიეღო.
ConIFA 2013 წელს დაარსდა და ის FIFA-ს არაწევრი ქვეყნებიდან სხვადსხვა ავტონომიის და არაღიარებული ქვეყნების 25 საფეხბურთო ნაკრებს აერთიანებს.