ოდესაში, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, დღეს რეგიონის სტრატეგიული სესია დაიწყო, რომელიც ოლქის განვითარების გზებს ეხება.
სესიის ჩატარების იდეა თავად ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და მასში მონაწილეობა სულ 40-50 ადამიანს უნდა მიეღო, მაგრამ მონაწილეობის მსურველთა რიცხვმა 600-სს გადააჭარბა.
სესიამ უნდა მიიღოს ,,სწრაფი გამარჯვებისთვის” საჭირო ტაქტიკური ზომები, რაც სააკაშვილის გეგმის მიხედვით გარკვეულ შედეგებს 50, 100 დღის, 6 თვის და ხანგრძლივ პერიოდის განმავლობაში გამოიღებს.
სესიის მონაწილეებს ორგნიზატორებმა ხანგრძლივი მოხსენებებისა და გამოსვლების გარეშე, შეხვედრის ახალი ფორმატი შესთავაზეს, სადაც მთავარი გამომსვლელი თავად ოლქის გუბერნატორი იყო.
თავის სიტყვაში მან აღნიშნა, რომ საოლქო ადმინსტრაციაში 16-ჯერ აპირებს შტატების შემცირებას და 800 კადრიდან მხოლოდ 50-ს დატოვებს.
ამასთან, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დააანონსა ყველა რაიონის ადმინისტრაციის მეთაურის შეცვლის და საბაჟოს მთელი შემადგენლობის განახლების საკითხი.
მან შეკრებილებს ახალი სისტემის ასაშენებლად არსებული ძველი სისტემის დანგრევის გადაწყვეტილებაც გაცნო.
,,თუ ოდესის ოლქი, ყველაზე მრავალეროვანი და პრობლემური რეგიონი, ახლა მედგრად დადგა და ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა, მაშინ უკრაინაც გადარჩება.” - აღნიშნა სააკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა საავტომობილო გზების სავალალო მდგომარეობას, განსაკუთრებით ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილში.
მისი თქმით, ოდესის ოლქის განვითარებას ფინანსების ნაკლებობა აფერხებს, რაც იმითაა გამოწვეული, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ინვესტორებს აშინებდნენ.
,,ბოლო კვირის განმავლობაში კი ჩემთან ძალიან სერიოზული ინვესტორების რიგი დადგა, რომლებმაც გაიგეს, რომ ოდესა უკრაინას ეკუთვნის, რომ პირობები იცვლება და რომლებიც მზად არიან, რაიონის განვითარებაში ფული ჩადონ.” - განაცხადა ოდესის ოლქის გუბერნატორმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბევრ სოფელში, სადაც ინფორმაციის მთავარ წყაროდ რუსული ტელეარხები რჩებიან, მას უყურებენ, როგორც მტერს და ,,მის რქებსა და კუდს ეძებენ.”