თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიშსს აქვყნებს, სადაც მითითებულია, რომ 15 ივნისს მთელი ღამის მანძილზე ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდით სამუშაოებს.
შლამისა და ინერტული მასალისგან სვანიძის ქუჩის გაწმენდა ხორციელდებოდა მძიმე ტექნიკისა და თვითმცლელების გამოყენებით.
თბილისის მერიის ვაკის გამგეობის კოორდინაციით, განხორციელდა წყნეთის ქუჩის მე-13 კორპუსის მაცხოვრებელთა გაყვანა და გადანაწილება დროებითი განთავსების ადგილებში. საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, კორპუსი საჭიროებს გამაგრებას. ტარდება შესაბამისი ზომები განსახორციელებელი სამუშაოების შესაფასებლად.
პარალელურად, ყველა სახის სპეცტექნიკის გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობდა გმირთა მოედნის, პანდუსების და მიმდებარე ტერიტორიის, ასევე მარჯვენა სანაპიროს გაწმენდა.
მელიქიშვილის გამზირზე მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე სისტემა, რომლის აღდგენის სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. პროცესს კოორდინაციას უწევს მერიის შესაბამისი სამსახური.
სამუშაოების მიუხედავად, მელიქიშვილის ქუჩაზე სატრასპორტო მოძრაობა არ აიკრძალება, ხოლო მოძრაობის ცალმხრივი რეჟიმი ორმხრივით შეიცვლება.
დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და გაწმენდითმა სამუშაოებმა მთელი ქალაქის მასშტაბით უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა. პროცესში ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესებს კოორდინაციას უწევს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი