საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთი საფეხბურთო ნაკრები ConIFA-ს მიერ ორგანიზებული ევროპის ჩემპიონატიდან მოეხსნათ.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ გუბაზი სოციალურ ქსელ ,,ფესიბუკზე” აცხადებს.
,,უკვე ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთის ქალაქ დებრეცენში წასავლელად ვემზადებოდით. საქართველომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა იმისთვის, რომ ჩვენ ამ ტურნირზე არ მოვხვედრილიყავით. მათ საკითხი უნგრეთის სამთავრობო დონეზე გადაწყვიტეს. საბოლოოდ, ჩვენ გვითხრეს, რომ მათ ქვეყანაში ჩვენი შესვლა არასასურველია. ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაცია (ConIFA) ჩვენს მხარეს არის, მაგრამ მათ ვითარების შეცვლა არ შეუძლიათ. ორგანიზაციის პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა წერილი, სადაც მომხდარის გამო წუხილს გამოთქვამს. ჩვენ გვესმის შექმნილი მდგომარეობა... ხშირად ვამბობთ, რომ ფეხბურთი პოლიტიკის მიღმა დგას, მაგრამ აქ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიტიკამ იმოქმედა.” - წერს გუბაზი და იმასაც აღნიშნავს, რომ ამ სიახლის მიღებამ აფხაზეთის ნაკრები ძალიან გაანაწყენა.
მისი თქმით, მოსამზადებელ საქმიანობაში მათ დიდი შრომა ჩადეს და ბოლო სამი წლის განმავლობაში, ფეხბურთელთა ასეთი ძილერი შემადგენლობა პირველად შეკრიბეს.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრებს ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაციამ არაღიარებული ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უთხრა.
ConIFA-ს (ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციათა კონფედერაცია) მიერ ორგანიზებული ჩემპიონატი უნგრეთის ქალაქ დებრეცენში 2015 წლის 17-21 ივნისს გაიმართება. მასში აფხაზეთის ჩათვლით, მონაწილეობა 8 საფეხბურთო ნაკრებს უნდა მიეღო.
ConIFA 2013 წელს დაარსდა და ის FIFA-ს არაწევრი ქვეყნებიდან სხვადსხვა ავტონომიის და არაღიარებული ქვეყნების 25 საფეხბურთო ნაკრებს აერთიანებს.