თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობით დაიწყო.
სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების გაცნობის შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე ფაქტობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული კატეგორისაა. კერძოდ, ბრალდებულები არიან ქვეყნის ყოფილი, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათ ბრალი ედებათ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენაში.
საქმის გარემოებებს წარმოადგენს გახმაურებული და საზოგადოებისთვის რეზონანსული ფაქტები, კერძოდ: ე.წ ”7 ნოემბრის”, ”ტელეიმედის”, ” მთაწმინდის პარკისა” და ”რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” ეპიზოდები. საქმე მოიცავს 103 ტომს და დასაკითხია ასეულობით მოწმე.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოცემული საქმის კოლეგიური განხილვა დაედგინა სამი მოსამართლის შემადგენლობით, რის საშუალებასაც იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა.
აღნიშნულ საქმეზე მომდევნო არსებითი განხილვა გაიმართება 2015 წლის 30 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.