დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 78 ხმით, ერთხმად, მიიღეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„ამ კანონპროექტზე მუშაობა პარლამეტში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ინიციატორები კომიტეტში, უმრავლესობა და უმცირესობა ძალიან აქტიურად შრომობდა და ბოლოს მიღწეული იქნა ყველას მიერ გაზიარებული კონსენსუსი. ამიტომ, ყველას მინდა მადლობა მოგახსენოთ. ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო და ნაყოფიერი პროცესი, როდესაც მივედით საერთო პოზიციამდე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კანონპროექტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 239¹ მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებისთვის. კერძოდ, დასჯად ქმედებად განისაზღვრება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით, თუ იგი ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.
აღნიშნულ მუხლში შემავალი ქმედებების ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ხოლო იგივე ქმედებისთვის, რომელსაც შედეგად მოჰყვება ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდე.