მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ კირილ გაბურიჩმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გუშინ გენერალურ პროკურატურაში დამიბარეს. საქმე ეხება განათლების დოკუმენტების გაყალბების ფაქტს. დაკითხვაზე დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც ოფიციალურად განვაცხადე, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანი უნდა გადამდგარიყო,“-აღნიშნა გაბურიჩმა. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, პრემიერის დოსიეში ერთ-ერთი საშუალო განათლების დიპლომი გაყალბებულია. თავად გაბურიჩი კი მომხდარს პრეზიდენტ ტიმოფტისთვის გაგზავნილ წერილს უკავშირებს. ღია წერილში პრემიერმა ეროვნული ბანკის, გენერალური პროკურორისა და ფინანსური ბაზრის ეროვნული კომისიის ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვა. პრემიერის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლდოვაში კორუფციასთან ბრძოლა შეუძლებელი იქნება.