კულტურის სამინისტრო საკუთარ ბიუჯეტს ადმინისტრაციულ ნაწილში შეამცირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, შემცირება ძირითადად შეეხება საწვავთან, სატელეკომუნიკაციო, მივლინებასთან და ავეჯის შეძენასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
,,ვცდილობთ ხარჯების შემცირებას ადმინისტრაციულ ნაწილში, თუმცა პროექტის საბოლოო ვარიანტი მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული და დეტალებზე ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი. მოიაზრება ძირითადად საწვავის, ტელეფონის, მივლინებისა და ავეჯის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების კორექტირება", - აღნიშნა მინისტრმა
საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.