შემოსავლების სამსახური უწყების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევა 9 ივნისს, ბორჯომის რაიონის სოფელი რველში დაფიქსირდა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების ოფიცრების, თამარ მოსიძისა და ქეთევან აღლემაშვილის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმის გამოწერას დაჯარიმებული ინდმეწარმის „დარეჯან მ.-ისა და მისი ვაჟის, მიხეილ გ-ის მხრიდან შემოსავლების სამსახურის ოფიცრების ჯერ სიტყვიერი შეურაცყოფა, მოგვიანებით კი მათი ავტომობილით დევნა და მათთვის სიცოცხლისათვის საფრთხისშემცველი საავარიო სიტუაციების შექმნა მოჰყვა.
”შემოსავლების სამსახური ვალდებულია, შეასრულოს კანონით დაკისრებული ფუნქციები და არ დაუშვას საგადასახადო ადმინისტრირების შესუსტებით სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტის - ფინანსური წესრიგის - მოშლა. ასევე, შემოსავლების სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები საკუთარი თანამშრომლებისათვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცველ სტრუქტურებთან და თითოეულ ამგვარ ფაქტს მოჰყვება კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება”, აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.