ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ბიჭვინთას არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მსოფლიოში პირველი კურორტის პოტენციალი გააჩნია.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, იქ არსებული დაწესებულებიდან თანამედროვე სტანდარტებს მხოლოდ რამდენიმე აკმაყოფილებს.
ამის შესახებ მან გუშინ, გაგრის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
,,გაგრის ენერგოსისტემა დანგრევის პირასაა, წყალმომარაგების საკითხი მოუგვარებელია, გზები - უვარგისი... მშენებლობები ქაოტურად მიმდინარეობს, ყველგან ნაგავი ყრია, ღამით ქუჩები სათანადოდ არ ნათდება, რაიონის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები არადამაკმაყოფილებელია.” - განაცხადა ხაჯიმბამ.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტსა და სხვა სტრუქტურებში გაგრის რაიონისა და ბიჭვინთის ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის მუშაობა მიმდინარეობს.
,,ბიჭვინთის მოსახლეობას მე აუცილებლად ცალკე შევხვდები, რათა მათი პრობლემები მათთან ერთად განვიხილო. ბიჭვინთა ყურადღების გარეშე არ დარჩება.
ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა და აქამდე ყველას ყურადღების მიღმა დარჩა.
გაგრის რაიონი, ესაა აფხაზეთის კარიბჭე. გაგრა და ბიჭვინთა ჩვენი ეროვნული ბრენდებია, რომელიც მსოფლიოსთვისაც ცნობილია.
საკურორტო ინდუსტრიაში გაგრისა და ბიჭვინთის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათი პოტენციალის გამოსაყენებლად ყველა ღონეს უნდა მივმართოთ.”- აღნიშნა მან.