ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე და ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, არჩილ ვანაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, - "ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ შპს "ტონი და კომპანიასთან" გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა 1 289 972 ლარი. მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები. ბრალდებულებმა, ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია "უნისონის" მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის აღნიშნულმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.