საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და "ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.
აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ქვეყანაში ფართოდ და სისტემურად დაინერგოს „მიკრო-ფილანტროფია“ ანუ მცირე ქველმოქმედება და თავად საზოგადოების მიერ შექმნილი ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსით, შესაძლებელი გახდეს მძიმე სენით დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება.
„მოხარული ვარ, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სახით კიდევ ერთი კერძო კომპანია შემოუერთდა ინიციატივას, მიგვაჩნია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, როგორც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების მხრივ, ასევე სოლიდარობის ფონდის საქმიანობის გაფართოების მიმართულებით, რადგან თითოეული მცირე შენატანიც კი ძალიან ღირებულია ასეთ მწვავე პრობლემასთან საბრძოლველად”, აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ.
„ძალიან ვაფასებთ იმ საქმიანობას, რომელსაც სოლიდაორბის ფონდი ახორციელებს და მიხარია რომ დღეიდან ამ ინიციატივას ჩვენი კომპანიაც შეუერთდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კომპანიის 390 თანამშრომელი ერთსულოვანი იქნება ამ მხარდაჭერაში - პირველ ეტაპზე პროექტში თანაშრომლების კერძო დონაციებით ვერთვებით. ამავე დროს კომპანიის დონეზე განვიხილავთ ჩვენს სადაზღვევო პროდუქტში ამ დახმარების ინტეგრირებას და გვაქვს სხვადასხვა იდეა, რომელსაც უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას”, განმარტა ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ.
ამჟამინდელი მონაცემებით სოლიდარობის ფონდის გარშემო უკვე გაერთიანდა 240 საჯარო სამსახურის 40 000-ზე მეტი თანამშრომელი, 18 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია. სწორედ ამ ერთიანობამ გახადა შესაძლებელი სოლიდარობის ფონდში 2 800 000 ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 112 ბავშვის დაფინანსების დამტკიცება.