აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეც-თვითმფრინავი მოინახულა, რომელშიც LEIKA- ს სისტემის DSM-2 ტიპის ციფრული აპარატურა დამონტაჟებული. BESH-CRAFT 200 ტიპის საფრენი აპარატის მეშვეობით აჭარის ტყეების აერო-ფოტო გადაღება განხორციელდება და რეგიონში ტყის ფონდის ინვენტარიზაცია მოხდება. ეს კი ხელს შეუწყობს ტყეების მდგრად მართვას, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ტყით სარგებლობის ხელშეწყობას, ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი თვისებების გაუმჯობესებას.
აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს სატყეო სააგენტოს ექნება ტყის მართვის სახელმძღვანელო გეგმა, რომლის საფუძველზეც მოსახლეობის სოციალური ჭრების განსახორციელებლად და ტყის მოვლა-აღდგენის დასაგეგმად ყოვეწლიური სამოქმედო გეგმა შედგება.
ასევე, მონაცემებზე დაყრდნობით მომდევნო 10 წლის განმავლობაში ტყეების მდგრადი მართვისათვის გატარდება ღონისძიებები. ტყის ინვენტარიზაციის სრულფასოვნად და კვალიფიციურად განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება 2015 წლის სტერეო აერო/კოსმოსური სურათები.
ტყეთმოწყობის სამუშაოები სრულყოფილად უნდა დასრულდეს 2016 წლის 20 დეკემბრისთვის, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. პარალელურად დაიწყო უშუალოდ ტყეების ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები.