1 ივლისს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო საფოსტო კავშირის, ევროპისა და თანამეგობრობის ქვეყნების პროექტის კოორდინატორს, იური სპირევს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საფოსტო ბაზრის განვითარების გეგმა, რომელიც გაეროს მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა. აღინიშნა, რომ საფოსტო ბაზრის განვითარების გეგმა საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება დასამტკიცებლად.
მსოფლიო საფოსტო კავშირის წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კონსულტაციები მთავრობის წარმომადგენლებთან და მსოფლიო საფოსტო კავშირის ინტეგრირებული საფოსტო რეფორმების განვითარების პროექტის განხილვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საფოსტო საფოსტო სფეროს რეფორმირებასა და განვითარებას. შეხვედრებზე ასევე განხილული იქნება სამოქმედო გეგმა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება.
მსოფლიო საფოსტო კავშირის წარმომადგენელი ინტეგრირებული საფოსტო რეფორმებისა და განვითარების გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობას საფოსტო სფეროს რეფორმირების 5 წლიან სამოქმედო გეგმას წარუდგენს.
ინფორმაციისთვის: IPDP-ს მუშაობის მეთოდი დამტკიცებულია მსოფლიო საფოსტო კავშირის რამდენიმე კონგრესის მიერ. IPDP-ს მიზანია საფოსტო სექტორში არსებული ვითარების სრული ანალიზის გაკეთება მსოფლიო საფოსტო ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკასთან და გამოცდილებასთან მიმართებაში.