ხვალ, 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით, ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვისა (NED) და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით, ქ. გორში, გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართება საჯარო შეხვედრა, რომელზედაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ისაუბრებენ მათი საქმიანობების შესახებ.
საჯარო შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე და გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოგახსენებთ, რომ მსგავსი შეხვედრები "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებითა და ტექნიკური მხარდაჭერით უკვე გაიმართა ქ. ახალციხეში 2009 წლის 24 ოქტომბერს (ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ-USAID) და ქ. ბორჯომში 2009 წლის 25 ოქტომბერს (ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის-NED და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის-NDI ფინანსური მხარდაჭერით). შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრები წარიმართა საკმაოდ აქტიურ გარემოში და დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით.
"სამართლიანი არჩევნები" გაგრძელებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დახმარებას და ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართება არაერთი საჯარო შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებას საკონსტიტუტციო ცვლილებებთან დაკავშირებით, გაზრდის მათ ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში და ასევე ხელს შეუყწობს ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას.