საქართველოსა და უკრაინის საჯარო რეესტრების სამსახურებს შორის აქტიური თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და უკრაინის ვიცეპრემიერის, რეგიონული განვითარების, მშენებლობისა და საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრის შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც კიევში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს გაიმართა.
თეა წულუკიანი და გენადი ზუბკო ორ ქვეყანას შორის დარგობრივ საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებისა და მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე, გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას შეეხნენ.
მინისტრისა და ვიცეპრემიერის შეხვედრაზე ისაუბრეს ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ, სადაც საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია.
„საქართველო „OGP“-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. ამ ინიციატივაში უკრაინას სწორედ ბატონი ზუბკო წარმოადგენს. მასთან შეხვედრისას განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც უკრაინას დაეხმარება ღია მმართველობის განვითარებასა და ამ გლობალური ინიციატივის ფარგლებში მეტი წარმატების მიღწევაში. მოგეხსენებათ, საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, 3-4 ივნისს ევროპის რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს და ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ დავიცვათ უკრაინის ინტერესები ამ ინიციატივაში და ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღესვე იუსტიციის მინისტრმა მაიდანზე უკრაინის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისათვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.