ძალიან პოზიტიურია იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები, ხოლო მთავარ გამოწვევად საქართველოში არაფორმალური მმართველობა რჩება. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ არასამთავრობოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობოების ანგარიში საუბარია, როგორც მიღწევებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას მთავრობა დღეს.
,,როდესაც პარლამენტზეა საუბარი, აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მრავალფეროვანია პარლამენტი, მრავალი ოპოზიციური პარტია არის წარმოდგენილი, რაც არის კარგი. თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემა არის ის, რომ ძალიან ხშირად თემატური დისკუსიები ურთიერთბრალდებებში გადადის და ფაქტობრივად მოსახლეობამ არ იცის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტარების მოსაზრება, რადგანაც იქ საუბარია წარსულზე, ან კონკრეტულ ბრალდებებზე", - განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რა გამოწვევის წინაშე დგას პარლამენტი, არის ის, რომ ისინი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ნაწილში არიან ძალიან სუსტები.
"რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კვლავ გამოწვევის წინაშე დგას აღმასრულებელი ხელისუფლება, როდესაც არის საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, ეს გავლენას ახდენს რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც კავშირშია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ეს არის ნაკლები კოორდინაცია ერთმანეთს შორის, რაც უნდა მოგვარდეს. ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემური იყო ორი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლება, როგოროც რეგიონულ, ასევე ცენტრალურ დონეზე", - განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება ორწლიანი მმართველობის დადებით საკითხებს, მისი თქმით, ძალიან პოზიტიურია იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები. გიგაურის შეფასებით, ასევე ძალიან პოზიტიურია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ჩატარებული რეფორმა და ზოგადად გამჭვირვალობის გაზრდა საჯარო სამსახურების მიერ.
კონფერენცია სასტუმრო ,,თბილისში მარიოტში" მიმდინარეობს.