კრემლში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს თავიანთი სამხედროების გვამების კრემაციისთვის და ამ სახით მათი კვალის გასაქრობად რუსეთი უკრაინაში ე. წ. ,,მობილურ კრემატორიუმებს” აგზავნის.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მას ამ ინფორმაციის უტყუარობაში ეჭვი ეპარება.
,,მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება მაძლევს საფუძველს, ეჭვი შევიტანო მათ ადეკვატურობაში, ვინც ამას ამტკიცებს.” - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა და უკრაინულმა საინფორმაციო საშუალებებმა, უკრაინაში მყოფი ამერიკელი კანონმდებლებისა და აშშ-ს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ დაღუპული რუსი ჯარისკაცების კვალის გაქრობის მიზნით, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ,,მობილური კრემატორიუმები” გაგზავნა.
მოსკოვი დღემდე ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში რუსი სამხედროები არ მონაწილეობენ.