ევროპის სახალხო პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და საქართველოს სავიზო რეჟიმის გაუქმების კონკრეტული თარიღი უნდა შესთავაზონ.
რიგაში სამიტის დაწყებამდე, პარტიამ ევროკავშირს აღმოსავლეთ მეზობლებთან კავშირების გაძლირების კურსის შენარჩუნებისკენ და კონკრეტული პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
"სამიტმა ძლიერი პოლიტიკური სიგნალი უნდა გაგზავნოს იმ ქვეყნების ევროპული პერსპექტივების შესახებ, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების გრძელვადიანი ამბიციები გააჩნიათ. ეს პერსპექტივები შესაძლოა, იყოს პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიული განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის მთავარი მამოძრავებელი. მაშინ როდესაც ამ ქვეყნებს ევროპული პერსპექტივები რეფორმების სტიმულს აძლევს, ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი შესაძლებელია და უნდა იყოს მიღწეული მოკლე დროში. სამიტმა ამ საკითხში პოლიტიკური წვლილი უნდა შეიტანოს" , - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე თავმჯდომარემ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სანდრა კალნიეტემ.
ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ვიცე თავმჯდომარე საგარეო საქმეთა საკითხებშ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი მიიჩნევს, რომ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგა პარტნიორი ქვეყნების არასაკმარისი მუშაობის გამო.
"აღმოსავლეთ პარტნიორობა კარგად ფორმირებული პოლიტიკა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების კუთხით. ის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არამარტო არსებული ეჭვებისა და ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან არასაკმარისი მუშაობის გამო, არამედ რუსეთის და რეგიონში მისი იმპერიალისტური პოლიტიკის გამო. თუმცა, ნაცვლად დათმობისა, ჩვენ ვარჩიეთ მცდელობების გაორმაგება და კურსის შენარჩუნება, რათა შევიმუშავოთ ადეკვატური პასუხები, რაც პარტნიორობის ორივე მხარის მოლოდინებს და ამბიციებს აკმაყოფილებს", - განაცხადა სარიუშ-ვოლსკიმ.
ევროპის სახალხო პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმი ხელშესახებ სარგებელს მოუტანს.