ე. წ. ,,ისლამისტური სახლმწიფოს” მებრძოლებმა სირიის უძველეს ქალაქ პალმირაზე, რომელიც იუნესკო-ს სიაშია შეტანილი, სრული კონტროლი მოიპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ.
,,უძველესი სირიული ქალაქი პალმირა, რომელიც იუნესკო-ს სიაშია შეტანილი, ,,ისლამისტური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მთლიანად აიღეს. ყველა სასიცოცხლო ობიექტიც მათ ხელშია.” - ნათქვამია ,,ეხო მოსკვას” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
იქვე ვკითხულობთ, რომ სირიის არმიას პალმირას დატოვება სასტიკი ბრძოლების შედეგად მოუხდა, რომლის დროსაც მათი ასზე მეტი თანამებრძოლი დაიღუპა.
ტერორისტებმა დაიკავეს ყველა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის სამხედრო-საჰაერო ბაზები და აკონტროლებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზებს.
მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეტევის დაწყებამდე პალმირადან ევაკუირება მოასწრო. ქალაქიდან გატანილია ასევე, ძვირფასი ბარელიეფები და სტატუეტები, ვინაიდან, არსებობს საშიშროება, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ისტორიულ ძეგლებს რადიკალი ისლამისტები გაანადგურებენ, ისევე როგორც ეს ერაყის ორ ქალაქში გააკეთეს.