ბათუმში გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი აპარტამენტების მშენებლობა იგეგმება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ბათუმში, ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე 3206 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასასხვისებლად პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა. პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია, აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობი (საცხოვრებელი აპარტამენტები (შესაძლებელია სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტების განთავსება), საცხოვრებელი ბინები და მიწისქვეშა ავტოსადგომი განათავსოს.
ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანოს.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ასევე, რომ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებების ექსპლუატაციაში შეყვანიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 800 კვ.მ ფართზე საზოგადოებრივი, კომერციული და გასართობი ცენტრ(ებ)ი მოაწყოს. მთლიანობაში, პროექტის განსახორციელებლად ინვესტორს, პირობების მიხედვით, მინიმუმ 8 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
პირობებიანი აუქციონი 2 ივნისისთვისაა ჩანიშნული, ხოლო ობიექტის საწყისი ღირებულება 475 ათას დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.
კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.