მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა 25-28 ოქტომბერს მოსკოვში გამართული თავისი ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
რუსეთის საინფორმაცია სააგენტო "ნოვოსტის" საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ვიდეოპრესკონფერენციაზე ნოღაიდელმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ხალხთა ასოციაციისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამი დღის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე. რუსეთის დედაქალაქში ვიზიტს ნოღაიდელი დადებითად აფასებს.
"კმაყოფილი ვარ, რომ ჩემს ხედვასა და მიდგომებს ეთანხმებიან როგორც საქართველოს სათვისტომოში, ისე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში", _ აცხადებს მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი და აღნიშნავს, რომ მსგავს ვიზიტებს იგი მომავალშიც გეგმავს.
ნოღაიდელი დარწმუნებულია, რომ რუსეთის დედაქალაქში მის ჩასვლას საქართველოში სხვადასხვაგვარად შეხვდებიან და არაერთგვაროვნად შეაფასებენ.
"უკვე სამი დღეა, რაც მოსკოვში ვარ და ტელევიზიებში ამის შესახებ მხოლოდ ერთი რეპორტაჟი გავიდა. ისიც დღის 12 საათზე, ანუ მაშინ, როდესაც ტელევიზორს თითქმის არავინ უყურებს", _ აღნიშნავს ნოღაიდელი.