". ნატოს გენერალურმა მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთი "მისტრალის" ნატოს წევრი სახელმწიფოს ან რუსეთის რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. ამის შესახებ რასმუსენმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ნატო ამ გარიგებაში ჩართული არ არის. ეს არის ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება რუსეთსა და საფრანგეთს შორის. ასე რომ, ნატო ამაში ვერ ჩაერევა. თუმცა, ამგვარი სამხედრო აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა საერთაშორისო წესებისა და ნორმების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. ვიცი, რომ ამ საკითხზე ნატოს სხვადასხვა წევრის მხრიდან შეშფოთება არაერთხელ გამოითქვა. იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი გაითვალისწინებს ამ შეშფოთებას", - აღნიშნა რასმუსენმა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია, რომ რუსეთისთვის "მისტრალის" შესაძლო მიყიდვა საერთაშორისო წესებისა და ნორმების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს, იგულისხმება, რომ "რუსეთი "მისტრალს" ნატოს წევრი არც ერთი სახელმწიფოს ან რუსეთის რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოიყენებს".
"როდესაც ალიანსის შიგნით სოლიდარობაზე და შეშფოთებაზე ვსაუბრობ, რომელიც მის წევრთა შორის არსებობს, მსურს შეგახსენოთ, რომ საფრანგეთი დღემდე მონაწილეობს ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიის დაცვის საქმეში. ეს ყველაზე ნათელი დასტურია იმისა, რომ საფრანგეთიც მონაწილეობს იმ კოლექტიურ ძალისხმევაში, რაც ეხმარება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, დაიცვან საკუთარი ტერიტორია", - აღნიშნა რასმუსენმა.