,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი გაბაშვილის განმარტებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში რუსეთის გავლენა ყოველდღიურად იზრდება.
„ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ორნახევარწლიანი მოქმედებების შედეგად, ძლიერდებიან პრორუსული ძალები. ვიცით, რომ ,,ქართული ოცნების” პოლიტიკა არის პრორუსული ძალების წახალისება, გაძლიერება. ხალხშია შიში, რომ საქართველო დამოუკიდბლობის წილს კარგავს და რუსეთის გავლენა იზრდება, ამ კვლევაში ეს ნათლად ჩანს,“ - აცხადებს ჟურნალისტებთან გიორგი გაბაშვილი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებით საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო რესპონდენტების 36% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, 12% გამოკითხულების კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
რესპოდენტების 50% კი აცხადებს, რომ რუსეთი გარკვეულ გავლენას ახდენს საქართველოზე. ამასთან კვლევაში მონაწილეების 50% მიიჩნევს, რომ უახლოეს ორ წელიწადში მოსალოდნელია რუსეთის გავლენა საქართველოზე გაიზრდოს, 14%-ის აზრით კი აღნიშნული მოსლაოდნელი არაა.
გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა.