ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ოფიციალურად გაიხსნა. წვრთნებში მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკას მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ მრავალჯერ დაადასტურა, რომ შესწევს უნარი, საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცებაში.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები ალიანსის წევრი ქვეყნების სამშვიდობო ძალებთან ერთად იბრძვიან მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებისა და მშვიდობის დამყარებისთვის.
ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა შენარჩუნდეს ალიანსში ინტერგაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ყველაფერს ვიღონებთ, რომ პროგრესს მივაღწიოთ ნატოსთან დაახლოების საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სამხედრო სწავლება ამერიკასა და საქართველოს შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის ნაწილია.
ღარიბაშვილის განმარტებით, სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ, ეს სწავლება მიზნად ისახავს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შორის, ურთიერთთავსებადობის გაზრდას, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უზრუნველყოფილი იყოს კრიზისების ოპერაციების მხარდაჭერა.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“ დღეს, ვაზიანში ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნა საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე, ნატო-ს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.