ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, მომღერალ გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") მიერ თბილისის მერის პოსტზე შესაძლო კენჭისყრის შემთხვევაში, მას შოუს სახე ექნება.
როგორც ხუხაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ის დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისა და ქვეყანაში შექმნილი პროცესების მიმართ საკუთარ პროტესტს და გულისტკივილს სწორედ ამ ფორმით გამოხატავს.
"გია არის თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ის ქვეყანაში შექმნილ პროცესებს სატირულ ჭრილში განიხილავს, თუმცა ალბათ, ამის მიღმა დიდი გულისტკივილიც აქვს. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ გია გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს, ამას გარკვეულწილად შოუს სახე ექნება და ეს, ალბათ, არ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ მას დედაქალაქის მთავრობაში მოსვლა ნამდვილად სურს. ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი ზოგადად, ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია და შესაბამისად, მხოლოდ გაჩეჩილაძეს არ გაემტყუნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული თბილისის მერის არჩევნებში კენჭი "უცნობმა" იყაროს. აღნიშნულს მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ოფისში არ გამორიცხავენ.