ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოზიციის ლიდერებისა და საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების რუსეთში ვიზიტში "ვერაფერს პრობლემატურს ვერ ხედავს".
"ამაში ვერაფერს პრობლემატურს ვერ ვხედავ. ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს დიასპორას და თუნდაც ისეთებს, როგორიც ებრალიძეა. კონგრესზე, რომელზე დასასწრებადაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი და საზოგადოების რიგი წარმომადგენელი გაემგზავრა მარტო ებრალიძე ხომ არ იქნება? არ შეიძლება მთლიანად ჩვენს დიასპორას მოღალატის იარლიყი დავკიდოთ. ეს კატასტროფის მომტანი იქნება საქართველოსთვის. ეს ადამიანები უცხოეთში, თავის დროზე არა კარგი ცხოვრების გამო, არამედ იმ პრობლემების გამო წავიდნენ, რაც ჩვენს ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე, ისეთი ტონი, რომელიც მედიას აქვს ატაცებული, კარგის მომტანი არ არის. ებრალიძე თუ ცუდია, ეს ცუდი მხოლოდ ებრალიძისთვისაა", - განუცხადა ხუხაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება რუსეთში ვიზიტის ფარგლებში "ეროვნული საბჭოს" ლიდერების - კობა დავითაშვილისა და კახა კუკავას მიერ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრებს, ექსპერტი უარყოფითს ვერც აღნიშნულში ხედავს და აცხადებს, რომ ოპოზიცია მოსკოვთან სახელმწიფოებრივ საკითხებზე მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს.
"ბუნებრივია, ოპოზიცია ხელისუფლებასთან სახელმწიფოებრივ საკითხებზე მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრებს არანაირი შედეგი არ მოჰყვება. საქმე გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების საკითხთან. ვერაფერს განსაკუთრებულს ამაში ვერ ვხედავ. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ყველა მედიასაშუალებას, პროპაგანდისტულ ისტერიას თავი დაანებოს", - განმარტა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 აპრილს, "ეროვნული საბჭოს" ლიდერები კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და გუგე ცანავა რუსეთში გაემგზავრნენ.
მათი განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები როგორც რუსეთის ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართება.
"გარდა ამისა, შევხვდებით ქართული დიასპორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს", - განმარტა "ეროვნული საბჭოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა
ისინი ასევე სანკტ-პეტერბურგში "ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის" მიერ ორგანიზებულ, ქართული დიასპორების ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 23-24 აპრილს გაიმართება.