პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და კომიტეტის წევრები მსოფლიო ბანკის მისიის "პოლიტიკური ეკონომიკის რეგიონული კვლევის" წამომადგენლებს ვერენა ფრიცსა და ალან გუსტაფსონს შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი თემა საჯარო ფინანსების მართვა იყო.
სტუმრები დაინტერესდნენ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში განხორციელებული რეფორმებით საჯარო ფინანსების მართვაში და ამ კუთხით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავების პროცესით და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების შედგენის მეთოდებით.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მსოფლიო ბანკის მისიის წევრებს გააცნეს მოსაზრებები საბიუჯეტო ოფისის საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით სერიოზული რეფორმა განხორციელდა, რასაც შედეგად საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება მოჰყვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისათვის.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას და მის როლს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლზე.