რესპოდენტის შესახებ
მთავრობაში, გასულ კვირას განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, პრემიერმა ეკონომიკური გუნდი უცვლელი დატოვა, რამაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია და ბევრი კითხვა გააჩინა. რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა მოქმედი ეკონომიკური გუნდის პირობებში, რა უნდა გაკეთდეს ეროვნული ვალუტის გასაჯანსაღებლად.. ,,ჯი-ეიჩ-ენი” ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სუსტი სამთავრობო პოლიტიკის ბრალია და არა ეკონომიკურ გუნდის.
_ ბატონო დემურ, პრემიერმა, ასე ვთქვათ, საზოგადოებას იმედი გაუცრუა, როცა მთავრობის ეკონომიკური გუნდი უცვლელად დატოვა. რას ფიქრობთ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია თუ არა ეკონომიკური გუნდის გადახალისება?
_ ვფიქრობ, ჟურნალისტებიც და სხვებიც სერიოზულ შეცდომას უშვებენ, როცა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას მხოლოდ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უკავშირებენ. თუ რაიმე არ კეთდება, ეს არ არის ცალკეული მინისტრის, ან სამინისტროს ბრალი, ესაა, სუსტი სამთავრობო პოლიტიკის ბრალი. ამიტომ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გამოყოფა, ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ მთავრობის ხელმძღვანელის ცუდ მუშაობაზე, სერიოზულ სისუსტეზე და არა ეკონომიკურ გუნდზე. რა დაავალა მთავრობამ ეკონომიკურ გუნდს და რა არ გააკეთა, იცით ასეთი რამე?- მე არ ვიცი. თუ ვინმე პოლიტიკური მოსაზრებებით კონკრეტულ მინისტრს ადანაშულებს, ეს თავისი მერკანტილური პოლიტიკური ინტერესებიდან საუბრობს. მანახეთ სამთავრობო გადაწყვეტილება, რომელიც რომელიმე მინისტრს დაევალა და ის არ შესრულების გამო გათავისუფლდა.
_ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით თქვენ რაში ხედავთ გამოსავლას?
_ გამოსავალი ძალიან მარტივია, საჭიროა ძლიერი მთავრობა, ძლიერი მთავრობის მეთაურით. Mმე ვერ ვხედვ იმ პოლიტიკას, რომელიც იმ პრობლემების შესატყვისი იქნება, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მთავრობის მეთაური უშვებს ძალიან დიდ შეცდომას, როცა აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი სხვისი ბრალია. რა შუაშია ეკონომიკური მინისტრები, დამანახეთ სამთავრობო პოლიტიკა, სამთავრობო გადაწყვეტილებები, მანახეთ თითოეულ სამინისტროზე გაწერილი დავალებები, პარამეტრები, რომელიც უნდა შესრულდეს 3, 6 თვის, ერთი წლის შემდეგ.
_ ლარის კურსის დასტაბილურებას ზაფხულში ვარაუდობენ, თქვენ თუ გაქვთ ამ კუთხით პოზიტიური პროგნოზი?
_ არა. ტურისტები რომ შემოვლენ საქართველოში და ბევრ ფულს დაგვიტოვებენ და ამით ლარის პრობლემა მოიხსნება, ეს დილეტანტური საუბარია, მე ამგვარი პოლიტიკის არ მჯერა. საჭიროა ეკონომიკური აქტივობის გაზრდა, საჭიროა სამუშაო ადგილები, მეტი საკუთარი რესურსის ამოქმედება და აუცილებელია იმპორტჩამნაცვლებელი წარმოების განვითარება. სამწუხაროდ, არაფერი მსგავსი არ კეთდება, ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე. ღარიბი ქვეყანა, რომელსაც ვალუტის შემოდინების საკუთარი წყაროები ძალიან სუსტი აქვს, აღმოჩნდა ცუდ მდგომარეობაში.
- გამოდის, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუარესებაა მოსალოდნელი?
_ თუ ბაზარმა დადებითი იმპულსები არ მიიღო, ცხადია ზეწოლა ლარზე გაძლიერდება.
,,ჯი-ეიჩ-ენი. ესაუბრა Mმირანდა ნაბახტეველი