პარლამენტი თუ მთავრობის იმავე შემადგენლობას დაამტკიცებს, უფრო გაიზრდება ხიდჩატეხილობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამის შესახებ, ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა. იგი სამთავრობოს გუნდში ახალი კადრების აუცილებლობაზე საუბრობს.
,,ხელისუფლებაში არა თუ ახალი კადრებისა და სახეების საჭიროებას ვხედავ, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებლობას. იმ ფონზე როცა ხელისუფლება ვერ ახერხებს ლარის კურსის გაუფასურების შეკავებას, აღარ ვსაუბრობ სხვა პრობლემებზე. სრულიად გაუგებარი იქნება პარლამენტმა მთავრობის იგივე შემადგენლობა დაამტკიცოს. ასეთ შემთხვევაში უფრო გაიზრდება ხიდჩატეხილობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. Mმესმის ის გარემოებები და საგარეო ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსის ვარდნას განაპირობებდნენ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, როცა ქვეყნების უმრავლესობში დასტაბილურდა ვალუტა, მათ შორის რუსული რუბლიც კი სანქციების პირობებში, ამ ფონზე ძალიან საინტერესოა, კიდევ რა დამატებით საგარეო ფაქტორებზე საუბრობს დღევანდელი ხელისუფლება”, _განაცხადა ლაგაზიძემ.
,,ჯი-ეიჩ-ენის” კითხვაზე - რატომ თქვა უარი პრემიერმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის განახლებაზე, ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს.
რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პარლამენტს აქვს არგუმენტები არ დაამტკიცოს განახლებული მთავრობა.
,,პარლამენტს ბევრი არგუმენტი აქვს, იმისთვის, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა არ დაამტკიცოს და ამის შემდეგ დაიწყება პროცესები ვადამდელი არჩევნების მოსამზადებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს”, -განაცხადა ლაგაზიძემ.