იმ საინვესტიციო პროექტებს შორის, რომელსაც მთავრობა რაჭაში ინვესტორებს სთავაზობს, შაორის ტბის ტურისტული პოტენციალის ათვისებაცაა. როგორც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ეკონომიკური პოტენციალის კვლევაშია აღნიშნული და რომელიც თავის მხრივ ეკონომიკური საბჭოს მიერ მომზადდა, აღნიშნულია, რომ პროექტის განვითარების გენერალური გეგმა ჯერ კიდევ 2008 წელს მომზადდა და მთლიანად საინვესტიციო ფართი 1500 ჰა-ს მოიცავს. თავად გენერალური გეგმა კი ითვალისწინებს შაორის ტბის მიმდებარედ გარკვეული შენობა-ნაგებობების, გოლფ კლუბის, სათხილამურო ტრასების, კორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობას. როგორც რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ეკონომიკური პოტენციალის კვლევაშია აღნიშნული, სახელმწიფო დაინტერესებულია და თავის თავზე იღებს ადგილზე კომუნიკაციების მიყვანას. ასევე კვლევაში აღნიშნულია, რომ ”შესაძლებელია ტერიტორიის ათვისების ალტერნატიული გეგმის მიღება/შესწავლა”.
საგულისხმოა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში პროექტის ,,ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის“
წარდგენისას, რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე დიდ ყურადღება გაამახვილა. ”მინდა გითხრათ ტურიზმის განვითარების პერსპექტივის შესახებაც. ამისათვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს აქვს შესანიშნავი პოტენციალი. აქ შესაძლებელია ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარება. მათ შორისაა: ღვინის ტურიზმი, აგროტურიზმი, ეკო და ექსტრემალური, ასევე, სამთო-სათხილამურო ტურიზმი.
მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საინტერესო დეტალზე, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სწორედ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს გახლავთ ამ რეგიონის ბუნებრივი მრავალფეროვნება. მაგალითად, ამბროლაურში არის კარსტული მღვიმეები - ახლახან აღმოჩენილია მღვიმე უნიკალური ნაღვენთებით, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, ამბროლაურში არის სამკურნალო ბალნეოლოგიური წყლები, რომლებსაც დიდი ღირებულება აქვს და შესაძლებელია შეიქმნას ბალნეოლოგიური კურორტები”, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს მთავრობა 2007 წლიდან გეგმავს. ამ ადგილის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად ქცევა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის იდეა ექს ეკონომიკის მინისტრს გიორგი არველაძეს ეკუთვნის. თუმც ამ დრომდე რეალური ინვესტორების პოვნა ვერ ხერხდება.
აღსანიშნავია, რომ კურორტის მშენებლობის გენერალური გეგმა კომპანია "გეოგრაფიკმა" შეიმუშავა, რომლის თანახმადაც შაორის მიმდებარედ 700 ჰექტარი მიწის ნაკვეთის განაშენიანება იგეგმებოდა, საიდანაც 300 ჰექტარზე პატარა ქალაქი უნდა აშენებულიყო. პროექტის თანახმად ტბასთან 2,5 კმ სიგრძის ასაფრენი ბილიკი და მცირე აეროდრომიც უნდა მოწყობილიყო.
2010 წლის თებერვალში ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის მოწვევით საქართველოში ეგვიპტელი ინვესტორები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია მოინახულეს.